მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, როცა თვალებს ვხუჭავ და იმ დროებს ვიხსენებ, ისევ მკაფიოდ მახსენდება, როგორ ვერთობოდი ჩემს მეგობრებთან ერთად. ზუსტად ვგრძნობ იმ ტკბილ მოგონებებს — სიცილის ხმას, მზით მოფენილ ეზოს, უსასრულო თამაშებს და გულწრფელ სიხარულს, რაც მხოლოდ ბავშვობას სჩვევია.
ჩვენ ვთამაშობდით ყველანაირ თამაშს — მაგალითად: დამალობანას, წრეში ბურთს, კლასობანას, გაფუჭებულ ტელეფონს და კიდევ ბევრ სხვას, რომელთა სახელებიც ალბათ აღარც მახსოვს, მაგრამ გულით შემრჩა დღემდე ის სიხარული, რაც ამ თამაშებს მოჰქონდა.
ყველაზე ტკბილად მახსენდება ზაფხულობით ბებოსთან ჩასვლა. ის დღეები ჩემთვის ნამდვილი ჯადოსნობა იყო. ბებოსთან და ბაბუსთან ერთად გატარებული დრო სულ სხვანაირად თბილად მახსოვს — ბებოს გემრიელი ხაჭაპური, ბაბუას წყნარი ხმა და მათი მზრუნველობა ჩემი ბავშვობის სიმშვიდის სიმბოლო გახდა.
დღეები სიხარულით იყო სავსე: ხან ეზოში ვთამაშობდით, ხან მინდვრებში დავრბოდით, ხან ბაღში ვმალავდით პატარა ნივთებს და ვითომ „საიდუმლოებს“ ვპოულობდით. და რა თქმა უნდა, იქ მელოდებოდნენ ჩემი ძმა, დეიდაშვილები და მამიდაშვილები — ჩემი ბავშვობის ყველაზე ხმაურიანი და მხიარული ნაწილი. ჩვენი სიცილი, ერთობლივი თამაშები და პატარა ჩხუბებიც კი დღეს საყვარელ მოგონებად იქცა.
თითქოს ერთად ვქმნიდით პატარა სამყაროს, სადაც დრო ჩერდებოდა და მხოლოდ ბედნიერება ტრიალებდა.
მინდა ისევ იმ წლებშივე დავბრუნდე — იქ, სადაც დაიწყო ჩემი ბავშვობა…
იქ, სადაც ყველაფერს ბედნიერების სუნი უდიოდა, სადაც ერთი კანფეტითაც კი შეგეძლო ყველაზე დიდი სიხარული გეგრძნო.
ეს მოგონებები ჩემთვის დაუვიწყარია — თითქოს პატარა სამყაროა, რომელიც დღემდე ცოცხლობს ჩემს გულში.
ავტორი: საფინანსო სერვისების 400-24 ჯგუფის სტუდენტი, მარიამ ვერულაშვილი