ახალი წელი დგება! სადღესასწაულო განწყობა სუფევს ჩვენს სასწავლებელშიც. ფოიეში, მოციმციმე ნაძვის ხის გვერდით, აქტიურად მიმდინარეობს პოზირება და დაუვიწყარი მოგონებების უკვდავყოფა. იატაკზე მიმობნეულად ნახავთ ათასი კეთილი სურვილით გაჟღენთილ ტკბილეულსა და ხურდა ფულს, რაც ამ გარემოს კიდევ უფრო სიმბოლურსა და თბილს ხდის.
ჩვენს კოლეჯში შექმნილია ბუნებრივი, ყურადღებიანი და გულთბილი ატმოსფერო. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონები: გოგი ფოფხაძე და ლაზარე კვირიკაშვილი, ასევე ქალბატონები: თეა გიორგიძე, ქეთევან ბოჭორიშვილი და ელზა ბიწაძე — ბუღალტრული აღრიცხვის ლექტორები. მათი პიროვნული თვისებებისა და პროფესიონალიზმის იდეალური შერწყმა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია.
რაოდენ სასიხარულოა ადამიანებში თავისუფლებისა და სისადავის ამოკითხვა. კოლეჯი „კავკასიონის“ ხელმძღვანელობა წარმოადგენს უშუალო და ყურადღებიან გუნდს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს და ხელს უწყობს სტუდენტების ინტერესებს.
ბუღალტრული აღრიცხვის სტუდენტების სახელით მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2026 წელი! დაე, ეს წელი იყოს სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების, ცნობიერების ამაღლებისა და ადამიანური არსის აღმავლობის წელი — თითოეული თქვენგანისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის.
„დე, არასოდეს მოგწყენოდეს, წელო სიახლე,
და სიყვარული ჩაგვიქსოვე ყველას ფიქრშია.
სამყაროს მხოლოდ ღიმილისთვის გამოეცხადე,
პირწმინდად განვლე ამ საუფლოში შენი მისია!“
ავტორი: ნინო გუჯაბიძე
ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის 600-25 ჯგუფის სტუდენტი

