ბავშვობა — ყველაზე ლამაზი და ნათელი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ის სავსეა გულწრფელი სიხარულით, უშუალო ოცნებებითა და ტკბილი მოგონებებით. ამ მოგონებებს კიდევ უფრო ტკბილს ხდის ის, რომ ბევრი რამ, რაც მაშინ უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა, ახლა ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის.
ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე ტკბილად ის დღეები მახსენდება, როდესაც მაისში სკოლას ვამთავრებდი და ერთი სული მქონდა, თბილისიდან სოფელში ჩავსულიყავი ბებია-ბაბუასთან, სადაც ბედნიერ ზაფხულს ვატარებდი. თუმცა ამ დღეების ფასი წლების შემდეგ უფრო კარგად დამანახა ცხოვრებამ.
ბებია და ბაბუა სითბოთი მხვდებოდნენ, ყველა სურვილს მისრულებდნენ — სოფელი ჩემთვის მშვიდობისა და თავისუფლების ადგილი იყო.
დღეები ლაღად და მხიარულად გადიოდა. სოფლის ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ეზოში, დავდიოდი მდინარეზე, სადაც ვთევზაობდით კიდეც — ჩვენივე გაკეთებული ანკესებით და დაჭერილი ჭიებით, თუმცა დიდად თევზი არ გვიჭერდა. მთელი დღის მოშიებულები იქვე გადავიპარებოდით მდინარის პირას, ყანაში, და ჭყინტ სიმინდს ვიპარავდით. გზად, თუ რამე ხილიც შეგვხვდებოდა, არც იმას ვტოვებდით მოუკრეფავად.
იქვე კოცონს დავანთებდით, სიმინდს ვწვავდით და შემდეგ გემრიელად მივირთმევდით. ეს ყველაფერი პატარა თავგადასავლად მეჩვენებოდა. იმ დღეებში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი — ვიყავით თავისუფლები, გულწრფელები და უბრალო ბავშვები.
საღამოს, როცა მზე ჩავიდოდა, ვბრუნდებოდი სახლში, სადაც ბებია გემრიელ სადილს მიმზადებდა, მე კი — დაღლილი და ბედნიერი — მთელი დღის ამბებს ვუყვებოდი ხოლმე.
ეს მოგონებები დღემდე მახსენებს, როგორ შეიძლება უბრალო ამბავმაც კი ყველაზე თბილი კვალი დატოვოს შენს გულში. იმ ზაფხულებს ყოველთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ — ისინი ჩემში დარჩნენ ყველაზე ტკბილ მოგონებად, რომელიც ზრდასრულ ცხოვრებაში მავსებს.
ავტორი: საბუღალტრო აღრიცხვის 600-24 ჯგუფის სტუდენტი ტატა უგულავა