დედამიწა თითოეული ადამიანის სამყოფელია, სწორედ ამიტომ ყოველი ადამიანის ვალდებულება არის იზრუნოს იმ გარემოზე, სადაც ცხოვრობს. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული უნდა გვქონდეს იმ მთლიანი ეკოსისტემის წინაშე, სადაც ვცხოვრობთ და საიდანაც ვიღებთ საზრდოს სხვადასხვა ფორმით. ამისათვის ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობაში ცნობიერების დონე უნდა ამაღლდეს, რადგან რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოს გაჯანსაღება.
ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს სკოლის მოსწავლეებს სწორად აწვდიან ინფორმაციას ჯანსაღი ეკოსისტემის გარდაუვალ აუცილებლობაზე. მჯერა, რომ ეტაპობრივად ეკოლოგიური პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება.
აღმოიფხვრება გარემოს უკონტროლო დაბინძურების პრობლემა. ხშირია შემთხვევა მდინარეების დაბინძურებისა სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც დამღუპველია წყალში მცხოვრები ორგანიზმებისათვის. ასევე ცუდ ზეგავლენას ახდენს გარემოზე ავტომობილების გამონაბოლქვი. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ზღვაში ხდება ნავთობის ჩაღვრა საზღვაო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვისას, რაც ანადგურებს წყალქვეშ არსებულ როგორც ფლორას, ასევე ფაუნას.
თუმცა ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო დონეზე დღეისათვის ამოქმედებული არის არაერთი რეგულაცია და შეზღუდვა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული და ეტაპობრივად მოგვარდეს ის პრობლემები, რაც გარემოზე არასასურველ ზეგავლენას ახდენს.
მისასალმებელი არის ის ფაქტი, რომ დღეს უკვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდანვე აჩვევენ ბავშვებს გარემოზე ზრუნვას. ასევე სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში იწყობა მრავალი შემეცნებითი ღონისძიება, რაც თავის მხრივ ამაღლებს ადამიანთა ცნობიერების დონეს. კოლეჯი ‘კავკასიონი’ც გამოეხმაურა აღნიშნულს და ჩვენს კოლეჯში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა დედამიწის დღე.
გიორგი ფორჩხიძე ბიოლოგი/ კოლეჯი კავკასიონის ფარმაციის პროგრამის სტუდენტი