ჩემი პირველი პროფესია არის ბიოლოგია. ბიოლოგია წარმოადგენს მედიცინის ფუნდამენტს. 2019 წელს მომენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიოლოგიაში და, ამავდროულად, დავასრულე მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა. სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა მედიცინისადმი განსაკუთრებული ინტერესი — მსურდა საფუძვლიანად შემესწავლა მედიკამენტები და მათი მოქმედების მექანიზმი ცოცხალ, ღია სისტემაზე.
ამ მიზნიდან გამომდინარე, არჩევანი კოლეჯი „კავკასიონის“ ფარმაციის უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე შევაჩერე. მოლოდინი სრულად გამიმართლდა და ჩემი არჩევანით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონში“ ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ფარმაციის პროფესიულ პროგრამაზე.
პროგრამის მოდულების განმახორციელებლები იყვნენ გამოცდილი პრაქტიკოსი ფარმაცევტები, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ფარმაცევტულ სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე. მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფარმაკოლოგიის საკმაოდ მოცულობითი პროგრამის დეტალურად გავლა — ეტაპობრივად, ადამიანის ორგანოთა სისტემებისა და ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით.
გარდა თეორიული ცოდნისა, სწორედ კოლეჯის ლაბორატორიაში, პედაგოგის ზედამხედველობით, ჩემს ცხოვრებაში პირველად საკუთარი ხელით მოვამზადე წამლის თხევადი და რბილი ფორმები. კოლეჯის ლაბორატორია სრულად არის აღჭურვილი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ყველა ინვენტარითა და რეაქტივით.
კოლეჯი „კავკასიონის“ მეშვეობით მომეცა შესაძლებლობა გამევლო პრაქტიკა ქვეყნის წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებში. პრაქტიკის პერიოდში გავეცანი ფარმაცევტის რეალურ სამუშაო გარემოს, შევხვდი გამოცდილ სპეციალისტებს და მათგან მივიღე არაერთი მნიშვნელოვანი რჩევა და რეკომენდაცია.
ასევე მსურს აღვნიშნო, რომ დიპლომი, რომელიც კოლეჯ „კავკასიონში“ მივიღე, აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. კოლეჯის კურსდამთავრებულები ფარმაციის დიპლომით წარმატებით იკავებენ წამყვან პოზიციებს ქსელურ აფთიაქებში.
ფარმაციის დიპლომის მოპოვების შემდეგ მომეცა უფლება, ვიზრუნო ადამიანთა ჯანმრთელობაზე — როგორც აფთიაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, გავცე ფარმაცევტული რეკომენდაცია და რეალურად დავეხმარო ადამიანებს.

