ქეთევან რობაქიძის პირადი გამოცდილება საზღვარგარეთ მუშაობისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ. კოლეჯ კავკასიონში სწავლის გამოცდილება და პროფესიული განვითარების გზა.
/ქეთევან რობაქიძე, საფინანსო სერვისების (400-24) ჯგუფის სტუდენტი/
ცხოვრება ხშირად გვაყენებს რთული არჩევანის წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე მივიღე, იყო სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება სასწავლებლად.
წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრება რთული, მაგრამ მომავლისათვის საჭირო გამოცდილების შეძენის პერიოდი იყო. სწორედ ამ გზამ მასწავლა შრომის ფასი, დამოუკიდებლობა და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება წარმატებული კარიერისთვის.
როდესაც დავბრუნდი სამშობლოში, ჩემს წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლეჯ „კავკასიონის”, როგორც მაღალი რეიტინგების მქონე პროფესიული სასწავლებლის, არსებობის შესახებ ინფორმაციის გაგება იყო ჩემთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მინდოდა პროფესიული განათლების მიღება, ინტერესით მივიღე გადაწყვეტილება და გადავდგი ნაბიჯი კოლეჯ „კავკასიონში” სწავლის დასაწყებად, რომელმაც მომცა შანსი, ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა და ახალ პროფესიას დავუფლებოდი.
საფინანსო სერვისების პროგრამაზე სწავლა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და, ამავდროულად, ამ სფეროში წარმატებისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა არ კმარა, საჭიროა ანალიტიკური აზროვნება, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი და ფინანსური ბაზრის კარგად ცოდნა.
კოლეჯის გარემო ძალიან მეგობრულია, რაც დიდ მოტივაციას მაძლევს. აქ ყოველი დღე ახალი გამოწვევისა და აღმოჩენების მომტანია. ლექტორები არა მხოლოდ ცოდნას გვიზიარებენ, არამედ გამოცდილებას, რაც სწავლას უფრო პრაქტიკულს და საინტერესოს ხდის. მეგობრებიც დიდი მოტივაციის წყაროა, ერთმანეთს ვეხმარებით, ვუზიარებთ ცოდნას და ერთად გავდივართ იმ გზას, რომელიც უკეთეს მომავალს გვპირდება.
სწავლის პარალელურად ვმუშაობ კლინიკაში, რაც ჩემი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ადგილი ჩემთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყაროა, არამედ ცხოვრებისეული გაკვეთილიც. კოლეჯის სწავლისა და სამსახურის შეთავსება მარტივი არ არის, მაგრამ ვიცი, რომ ეს გამოცდილება მომავალში დამეხმარება.
სტუდენტობა ჩემთვის ახალი ეტაპია. ეს არ არის მხოლოდ ლექციები, გამოცდები და დავალებები. ეს არის საკუთარი თავის ძიება, მიზნების დასახვა და მათი მიღწევისთვის შრომა. ამ გზას ჯერ კიდევ გავდივარ, მაგრამ უკვე ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყოველი ახალი დღე წინსვლის, განვითარების და უკეთესი მომავლისკენ სვლის შესაძლებლობაა.
მჯერა, რომ სწორად მიღებული განათლება და შრომა ნებისმიერი ოცნების ასრულების წინაპირობაა. სტუდენტობა კი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენო და საკუთარი გზა ვიპოვო.