შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები და მოსწავლეები ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფია. ისინი ხშირად აწყდებიან სირთულეებს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მიუხედავად ამისა, სწორი მიდგომითა და მხარდაჭერით, მათ შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და საკუთარი ნიჭი თუ უნარები ბოლომდე გამოავლინონ.
განათლება ხომ ნებისმიერი ადამიანის განვითარების საფუძველია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი ეს დამატებით დაბრკოლებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ზოგიერთი სკოლისა და უნივერსიტეტის შენობები და სასწავლო მასალები არ არის ადაპტირებული მათი საჭიროებების მიხედვით. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა მათი სწავლის პროცესი. დღეს არსებობს აუდიოწიგნები, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი მასალები, ეკრანის წამკითხავი პროგრამები და სხვა ხელსაწყოები, რომლებიც ხელს უწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრებაზე. სამწუხაროდ, ისინი ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას, რაც ხელს უშლის საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლები და უნივერსიტეტები არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც იყვნენ მზად მათი მიღებისთვის. ინკლუზიური სწავლება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ჩვეულებრივი მოსწავლეები ერთად სწავლობენ, საუკეთესო მაგალითია თანასწორობისა და სოლიდარობის ხელშეწყობისთვის.
ვიცით, რომ სახელმწიფო გარკვეული დოზით ეხმარება ფინანსურად თუ ტრანსპორტის უზრუნველყოფით, მაგრამ ეს კიდევ არ არის საკმარისი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს არ სჭირდებათ სიბრალული – მათ სჭირდებათ თანასწორობა და მხარდაჭერა. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ მათგანს ექნება საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს არ არის მხოლოდ მათი უფლებების დაცვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიყოთ სამართლიანი და თანასწორნი ყველას მიმართ
ავტორი: ლანა გორდაძე