გამიგონია ვიღაცას უთქვამს _ დედა ამქვეყნიური ღვთისმშობელია, უფლისაგან შვილებისთვის მოვლენილი. დე, დედა, დედიკო…სიტყვაა რომელმაც ასაკი არ იცის, დედა ანგელოზია , რომელსაც ჩვენთან ერთად უხარია და სტკივა, ანგელოზია, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ამბობენ ხოლმე ,, შვილის თვალებში მზე თუ იცინის დედისთვის მუდამ გაზაფხულიაო”.
როცა ფიქრები წაიმიღებს ხოლმე შორეულ წარსულში, ფიქრები მხოლოდ დედაზე მიყვარს, ჩემი ანგელოზია, რომელიც მუდამ თან მყავს და არასოდეს მტოვებს.
მარტის დადგომა ბავშვობის ყველაზე ტკბილ მოგონებებს მახსენებს, სამი მარტისთვის წინასწარ მომზადებულ მისალოც ბარათს, დილით ადრიანად ყვავილების მაღაზიასთან ლოდინს, უკან მობრუნებულს იებით და ყოჩივარდებით ხელში, თვალებაციმციმებული და გულაჩქარებული მივიჩქაროდი სახლისაკენ, სადაც დედა მელოდა . ღმერთო ! რა დამავიწყებს დედის ღიმილიან სახეს, როდესაც ჩემს წერილს ხედავდა, მიუხედავად იმისა ,რომ ყოველ წელს ერთი და იგივე ტექსტს ვუწერდი ,მაინც ისე კითხულობდა, თითქოს პირველი იყო, მერე წერილს თავის ჩანთის პატარა ჯიბეში ჩაიდენდა და ასე დაჰქონდა ,არა თვეები, არამედ წლები. ეხლა, როცა გავიზარდე ზუსტად ისე ველოდები შვილებისგან მისალოცი ბარათს, როგორც ჩემგან ელოდია დედა , მეც მასავით შევინახავ თითოეულს არა თვეები, არამედ წლები.
კვლავ განმეორდება _ დედა ამქვეყნიური ღვთის მშობელია , დედა ანგელოზია ამ სამყაროში ჩვენთვის მოვლენილი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უანგაროდ ვუყვარვართ.
,,დედები ბერდებიან, დედები
თეთრდებიან…
თეთრ ფიფქად ეგებიან შვილების ნაბიჯებს…
შვილები ვერ ხვდებიან , მთებს როგორ ერევიან –
დედით რომ აღწევენ მიუვალ ნაბიჯებს…”
მთვარისა მინაძე