ადამიანი სადაც დაიბადება, იქ უნდა გაიზარდოს და დარჩეს ცხოვრების ბოლომდე, თუმცა უნდა ნახოს მსოფლიო, დაათვალიეროს, გაეცნოს სხვა ხალხების მიღწევებს, მაგრამ შემდეგ კვლავ მის კერას უნდა დაუბრუნდეს – ეს ჩემი შეხედულებაა და ყოველთვის დიდი სურვილიც იყო მუდამ.
მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ჩვენი ნების მიხედვით როდი მიედინება ცხოვრების მდინარე.
მე ვარ მანანა ქუხილავა, დავიბადე 1975 წელს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ოჩამჩირეში. მე ვარ ადამიანი, რომელიც აფხაზეთში ომის დაწყებამ აიძულა 18 წლის ასაკში დაეტოვებინა მშობლიური მიწა და სახლი, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი, პირველი სიტყვა ვთქვი, გარემო, სადაც შევიძინე პირველი მეგობრები და ვეზიარე პირველი სიყვარულის საამო გრძნობას. ამის შემდეგ კი, აფხაზეთში დაწყებული ომის გამო იძულებული გავხდი შევკედლებოდი უცხო ქვეყანას, უკრაინას, რომელიც გარკვეული წლების შემდეგ ჩემი მეორე სამშობლო გახდა.
უკრაინაში ცხოვრების პერიოდში მივიღე უმაღლესი განათლება. ბუნებრივად, დრომ და ვითარებამ გამოაჩინა ახალ საზოგადოებაში ახალი მეგობრები, თითქოს სრულად ჩავერთე იქაურ ცხოვრებაში, მაგრამ გულით ყოველთვის დამქონდა ტკივილი და მონატრება ჩემი ქვეყნის და მშობლიური ქალაქისა, ახლობლებისა და ყოველივე ქართულისა.
უკრაინაშივე შევქმენი ქართული ოჯახი. იქ დაბადებულ ჩემს ვაჟიშვილს შევასწავლე ქართული ენა და ჩვენი ტრადიციები, ადათ-წესები…
ასე გადიოდა დრო და აი, ჩვენი ემიგრაციიდან 30 წლის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, ახლა უკვე უკრაინაში დაიწყო სასტიკი ომი, რის გამოც გადავწყვიტეთ ოჯახით საქართველოში დაბრუნება.
დღეს გულით მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მიწა-წყალზე ვაგრძელებ ცხოვრებას ჩემს ოჯახთან ერთად და ამავდროულად ვარ საზოგადოებრივი კოლეჯი „კავკასიონის” სტუდენტი, ვეუფლები ელექტრონულ ბუღალტერიას და მომავალს იმედით შევცქერით. მადლობელი ვარ კოლეჯი „კავკასიონის” ადმინისტრაციის ყველა წევრის, მათი მხრიდან ჩვენი სწავლის პროცესში შექმნილი კომფორტული პირობებისთვის.
მე ჩვენს სამშობლოს საქართველოს, უფლის წყალობით მშვიდობას, გამთლიანებას და კეთილდღეობას ვუსურვებ