ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

ბავშვობა! რა მრავალი პოზიტივის დამტევია ეს ერთი სიტყვა. ბავშვობა ეს ის დროა ცხოვრებაში, როცა შენთან ყოველწამს ანგელოზები გსტუმრობენ, როცა ყველა შენი სურვილის, შენი ყველა სიხარულისა და წამოტკივების სადარაჯოზე ფხიზლობენ ჩვენი მფარველი ხილული ანგელოზები დედისა და მამის, ბებიის და ბაბუის, ბიძების, დეიდების და მამიდების სახით.

ბავშვობის წლები იმ პირმცინარი პატარა ლამაზი ყვავილის არსებობას ჰგავს, ბუნებაში მასზე დიდი ყველა ხილული მცენარეული სახეობა რომ მზრუნველობითა და მოწიწებით ეკიდება მის არსებობას. დილისა და საღამოს ნამი რომ მაცოცხლებელ ელექსირად დროულად ეწოდება, მზის სინათლე და სითბო კი მისი საჭირო დოზითა და რაოდენობით ზრდისა და განვითარებისათვის. სწორედ ასე არ გვზრდიდნენ, გვივლიდნენ და ზრუნავდნენ ჩვენი მშობლები და ბებია, ბაბუები?

დიახ, ასე იყო ბავშვობის უბედნიერესი, ლაღი წლების სამახსოვრო დღეისათვის გასახსენებლად, იმისათვის, რომ არ დაგვავიწყდეს ბედნიერება და იმ ბედნიერების შემოქმედნი ჩვენი მზრუნველი მშობლების სახით, არ დაგვავიწყდნენ ჩვენი ბავშვობის მეგობრები, თანატოლები, რომელთა შორისაც ყოველი შეხვედრა-თამაშობისას, სწორედ ისე, როგორც მწვანე ბალახში, მზრუნველი ბუჩქების ძირში ამოსული ულამაზესი მინდვრის ყვავილები მეგობრობენ ერთმანეთთან, ჩვენც ჩვენი ლაღი ბავშვობის ულამაზესი წლების ფერებით საკუთარი ბიოგრაფიის საწყისი დავწერეთ…

დაუვიწყარია მშობლების ამასთან ერთად ბებიებისა და ბაბუების გაწეული ღვაწლი, ბებიას წინსაფრიდან მოულოდნელად გამოჩენილი ტკბილიკვერისა და ჩურჩხელის დანახვაზე ბავშვებთან ერთად გამოხატული ის ემოცია, სიხარული, რომელიც აღარ მეორდება, ვეღარსად ვპოულობ დღეს…

წამით დავფიქრდეთ თუნდაც მხოლოდ ჩვენ გარშემო, თუნდაც მხოლოდ ჩვენი გვარებში, რამდენი თაობა დაბადებულა პატარა გოგო-ბიჭებად, მშობლებისა და ნათესაობის სიხარულად ქცეულა, მათ ბავშვობას ალბათ რამდენი ბავშვური ოცნებებიც ახლდა თან… ეს ბავშვური ოცნებები რომ შეკრიბო, ვფიქრობ, ზეცაც კი ვერ დაიტევს მას…

რაა ბავშვობის წლები დიდად გახდომის სურვილების გარეშე, მომავალი პროფესიების ბავშვურად შერჩევის მხიარულებასთან ერთად… ასეა, ასე მოწყობილი, დაგეგმილი და განსაზღვრული ქვეყნიერების, სამყაროს შემოქმედის მიერ. ადამიანი მშობლების წიაღში იბადება, ჩვილი ბავშვობის შემდეგ სრულწლოვანების ასაკამდე ულამაზესი და დაუვიწყარი წლების საფეხურებს ავივლით და მთელი ცხოვრების საზრდოდ და სულიერ საგზლად ვინახავთ და ვიზოგავთ ბავშვობის წლების ფერად მოგონებებს.

საექთნო საქმის 200-24 ჯგუფის სტუდენტი –  ლიკა რუხვაძე