/ფარმაციის 300-23 ჯგუფის სტუდენტი: მარიამ ღოღობერიძე/
დაფიქრებულხართ, დღეში რამდენჯერ ვუხმობთ დედას სხვადასხვა, ზოგჯერ კი სულელური მიზეზის გამო? „დე, რაღაც მომიტანე”, „დე, შემცივდა”, „დე, მომწყურდა”, „დე, საჭმელი მინდა”, „დე, ჩემ ნივთებს ვერ ვპოულობ”. და დაკვირვებიხართ მის ქცევას ყოველჯერზე? რაც არ უნდა იყოს, რა მიზეზის გამოც არ უნდა ეძახდე, მაინც იმწამსვე შენთან მოდის. ყველაზე ხმამაღლა იცით როდის ვუხმობთ დედას? როცა რაიმე გვაწუხებს, როცა რაიმე საშინლად გვტკივა, გვანადგურებს და შიგნიდან გვამსხვრევს. და დაფიქრებულხართ, ამას რატომ ვაკეთებთ? რადგან ჩვენ თუ არა, ჩვენმა ქვეცნობიერმა იცის, რომ დედა მოვა, გვიშველის, გადაგვარჩენს და გვანუგეშებს.
რამხელა ძალა აქვს არა იმ სიტყვას, დედა რომ გეტყვის: „ნუ გეშინია, მე შენთან ვარ, მე შენთვის ვსუნთქავ და შენით ვცოცხლობ. და მუდამ დაგიცავ, დე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც დაგიცავ”. და ამ სიტყვას რომ გვეტყვის, მერე როგორ სიცოცხლით ვივსებით არა? არადა ცუდად ვიყავით, მაგრამ მოვიდა დედა და ცაზე ყველა შავი ღრუბელი ერთიანად გადაშალა, თითქოს არც არასდროს ყოფილაო.
მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამას მანამ ვერ ვაფასებთ, სანამ დედა ჩვენგან შორს არ იქნება ან საერთოდ სანამ ანგელოზებს არ შეუერთდება ზეცად. მერე კი ვნანობთ დედიკოსთვის გაცრუებულ ყველა იმედს და თითოეულ იმ სიტყვას, რითიც მას გული ვატკინეთ. შეიძლება ვეცადოთ კიდეც გამოსწორება დაშვებული შეცდომების, მაგრამ გამოგვივა კი?
თუმცა, როცა დედა გყავს, ის მაინც გაპატიებს. მთლად რომ სასიკვდილოდ გაიმეტო, მაინც გაპატიებს, გულში ჩაგიკრავს და ყველა იარას მალამოდ მოედება. დაფიქრებულხართ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება დედა რომ არ გვყავდეს? როგორი რთული იქნებოდა, არა? როგორ გაგვიჭირდებოდა, რადგან დედა სწორედ ის ქალია, შეუძლებელი რომ გაუკეთებია ჩვენთვის. ის ქალია, გაუსაძლისი რომ აუტანია, ოღონდ ჩვენ ვყოფილიყავით ბედნიერები. ის ქალია, ვინც საკუთარ სიცოცხლეს ადვილად დათმობს ჩვენი ერთი გაღიმებისთვის. ამბობენ, დედის ამაგს ვერ გადაიხდიო. და ეს მართლაც ასეა.
„როგორ ვკადრო დედას რაიმეს ან ვინმეს გავხართქო? ვიტყოდი, დედა ვარდს ჰგავს-თქო, მაგრამ განა ეს სირცხვილი არ იქნება? რადგან დედა ვარდზე ლამაზია. ვეტყოდი, ანგელოზს ჰგავხარ-თქო, მაგრამ განა ანგელოზი თვით დედა არ არის? ვეტყოდი, უფლის სადარი ხარ-თქო, მაგრამ ის თავად არის ჩვენთვის უფალი, ჩვენი ანგელოზიც თავად არის, რადგან ყოველთვის მხსნელად გვევლინება. ჩვენი ფარი და ჩვენი კედელია. ვერავის ვერასდროს ვეყვარებით ისე წრფელად, ისე უანგაროდ და ისეთი გრძნობით, როგორც დედებს ვუყვარვართ ჩვენ, შვილები.
დედის დღეს კი ჩვენ ვცდილობთ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ მათ. დედას ყვავილები უყვარს უზომოდ. მთელი სახლი ყვავილებით გვქონდა სავსე და მე, როდესაც ბავშვი ვიყავი, მთელი გულით ვემზადებოდი დედის დღის მისალოცად, ვუწერდი წერილებს, ვუხატავდი ნახატებს (მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გამომდიოდა ხატვა) და მიმქონდა საკუთარ ეზოში დაკრეფილი ყვავილები. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ყვავილებისთვის უნდა მომეარა და არ მომეკრიფა, მაინც ვუკრეფდი, მერე კი დედისთვის მიმქონდა ფრაზით: „დე, გილოცავ დედის დღეს” და დღემდე მახსოვს ყოველჯერზე მისი სიხარულით ანთებული თვალები. ნახატს რომ შეხედავდა, გეგონებოდა, რომელიღაცა ძალიან ცნობილი მხატვრის ტილოს უყურებსო, ისეთი მზერით შესციცინებდა. ყვავილებს რომ დახედავდა, გაიკვირვებდა, გაუხარდებოდა, თითქოს ეს სულაც არ იყო ჩვენი ეზოს ყვავილები. და დღემდე აქვს შენახული თითოეული წერილი და ნახატი, გახსნის ხოლმე, დახედავს და მერე ისე მაგრად ჩამიკრავს გულში, თითქოს კარგა ხანია ნანახი არ ვყავდე და თან აყოლებს: „როგორ შემომზარდიხარ, დედი. ისე გაიზარდე, ვერც კი მივხვდი.”
ვინ არის დედაჩემი? დედაჩემი აი ზუსტად ის ქალია, რომელსაც ვუყურებ, ვუყურებ და ვფიქრობ, რა მეშველებოდა ის რომ არ მყავდეს. დედაჩემი ის ქალია, რომლის თითოეულ ნაბიჯს ფეხდაფეხ მივყვები, რადგან ვიცი, ასე თუ იქნება, არასდროს წავბორძიკდები. დედაჩემი სწორედ ის ქალია, რომლითაც ვამაყობ და მთელი ცხოვრება ვიამაყებ.
თქვენ და საკუთარ თავს მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ დროა ვისწავლოთ დედის დაფასება, რადგან ის მთელ სამყაროს გვჩუქნის.