ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

არ ვიცი, რამდენად შესაფერისია ეს სიტყვები აქ დასაწერად, მაგრამ ახლა რისი თქმაც მინდა, ყველგან და ყოველთვის ერთნაირად მინდა ვთქვა: როცა მეკითხებიან რა მიყვარს, ყოველთვის ამ სიტყვების გაჟღერება მინდა: ის თვალები მიყვარს, ღამეს რომ ათენებს მზრუნველი ხელებით, რომ საბანს უსწორებს და სმენადქცეული ყურს უგდებს შვილის გულისხმას, სუნთქვას გულით რომ ისმენს, ნაზად რომ ეხება შუბლზე და მძინარეს სითბოს უღვრის გულში, ისევე როგორც დღისით, ყოველ სიტყვაში და ყველა გაღიმებაში… ის დედა მიყვარს, სხეულით რომ 9 თვე ატარებს საკუთარ სისხლს და ხორცს, სულის და ცხოვრების აზრს – საკუთარ შვილს… ის დედა მიყვარს, შვილთან ერთად რომ იწყებს ყველაფერს თავიდან, ის დედა მიყვარს, სკოლისკენ მიმავალ პატარას რომ გულის ფანცქალით აცილებს, გზაში დალოცავს და სანამ თვალს არ მიეფარება უყურებს… ის დედა მიყვარს, შვილის წარმატებები რომ ახარებს და გულს უვსებს… შვილის ჩახუტებისას რომ ღმერთს მადლობას შეჰღაღადებს… ღვთისმშობლის დედობა მიყვარს, შვილის ასეთი სიყვარულისთვის… დედებს დედობის მაგალითად რომ ჰყავს და შვილებს დედობრივი სინაზის პატივისცემას გვინერგავს… “ოთარაანთ ქვრივის” დედობრივ გრძნობას შევხარი, იმ ცრემლს, რომელიც სხვაგან, უკანმოუხედავად მიმავალ შვილს გააყოლა: “დიდხანს ადევნა, დიდხანს, მინამ თვალთაგან მიეფარებოდა შვილი, თითქო ხმაამოუღებლად იხვეწ-იმუდარებოდა, — ერთი მაინც შემომხედოსო. მაგრამ გიორგიმ უკან აღარ მოიხედა…”

დუმბაძის “დედა” მიყვარს, ლამპის შუქით რომ უნათებდა იმ გზას, რომელზეც უკანასკნელად აცილებდა დედა შვილს… ალბერ კოენის დედაზე მოგონებები მიფორიაქებს სულს, ნაწარმოებით “დედაჩემი”, სადაც კოენის მოგონებები სავსეა სინანულით და დაგვიანებული სინაზით, სინდისის ქენჯნითა და ღრმა მონატრებით… ყველა მოხუცის მონატრებით მიყვარს დედა, რომელიც მათ მოგონებებშია და ისევ ბავშვობასთან აბრუნებთ… იმ ბავშვის დედა მიყვარს, ბავშვის დაბადებიდან რომ ქუჩაშია გამოსული სამათხოვროდ (მომიტევეთ ეს სიტყვა), პატარასთან ერთად, ორივე რომ კანკალებენ სიცივისაგან და დედა რომ თავისი დაზაფრულ-გათოშილი სხეულით იცავს პაწია შვილს გაცივებისგან… იმ პატარა ბავშვის დედა მიყვარს, ომარი რომ ჰქვია, შვილის დაბადების დღეზე რომ გარდაიცვალა და აწ უკვე სამწლიანი მონატრება ჩასდგომია თვალებში მეხუთე კლასელ ბავშვს, პირველად და ამ დრომდე უკანასკნელად აღნიშნული დაბადების დღე, რომელმაც ყველაზე მეტად დასწყვიტა გული… ჩემი პატარა მეგობრის თვალებში დანახული დედა მიყვარს… მამაჩემის დედა მიყვარს, მის მუხლებში რომ ჩაისუნთქა უკანასკნელად და ბებიაჩემი რომ ჰქვია, რომ არც მოვსწრებივარ და ისე რომ შემაყვარა თავი… დედაჩემის დედა მიყვარს, ახლა რომ სოფელში დაფუსფუსობს, დღეებს ითვლის, თუ როდის დავისვენებთ და ჩავაკითხავთ შვილიშვილები (მას მეტი ამაგი აქვს მათზე), ის ბებო მიყვარს, დედობრივი სითბოთი რომ მათბობდა გულში ჩახუტებული… თვალცრემლიანი და “თავისებური ლოცვების ბუტბუტით” რომ გვაცილებს ყველას… მისი დაკოჟრილი ხელებით ნაზი მოფერება მიყვარს… ყველა ის ნაოჭი მიყვარს, წლებს და დარდს რომ დაუმჩნევიათ, მაგრამ სულის მხნეობა რომ ვერ წაურთმევიათ…

ყველა დედა მიყვარს, ყველა… მადლობა დედიკო ამისთვის, მე ყველა შენ გამო მიყვარს… დედა იმხელა სითბო და სიყვარული ხარ ჩემთვის, მეშინია ეს სიყვარული შენ მიმართ, რომ ვერ დავიტიო… ყველა დედას შენი თვალებით ვხედავ დე… ოთხი შვილის დედა-ჩემო – საამაყო დედა ხარ… ბევრ პოეტს დაუწერია ლექსები, ბევრს პოემები, მე კი ყოველდღე, როცა შინ ვარ და შენ გასული ხარ დე, მოლოდინით სავსე თვალებით შევყურებ კარებს, როდის შემოაღებ… როცა შინ ხარ, სახლისკენ მომავალ გზას სიხარულით გავდივარ… არ ვიცი რა უნდა დავწერო შენზე, გარდა იმისა, რომ ძალიან მიყვარხარ…

ის დედა მიყვარს, ქართველ კაცს რომ საფიცარ ხატად ჰყავდა, ტყვიას დაუდგებოდა წინ წარბშეუკვრელად, დედის შეურაცმყოფელს კი არ შეარჩენდა… ის შვილი მიყვარს, დედას რომ ზურგს არ მოსტეხს, არ შეურაცხყოფს და დედას რომ ცხოვრების გამართლებად, იმედად და სიბერეში მყარ საყრდენად, საამაყოდ ეყოლება…

როცა მკითხავენ რა გიყვარსო, მინდა ყველას ვუთხრა ჩემი დედა მიყვარს… ყველა და ყველას დედა მიყვარს… დედაშვილობა მიყვარს, დედაშვილობა… “დედაო ნაზო, სიყვარულის უფრთო ფერია” – დუმბაძეს აგრე დაუწერია!.. დედაა იგი მზე და მნათობი, დედა სამოთხე, დედა-ღმერთია, ამ ქვეყნად კი დედის სითბო მარადჟამ შეუცვლელია…

ავტორი: ჯულიეტა ბართია კოლეჯი კავკასიონი.

სკოლამდელი აღზრდა. ჯგუფი 100-24