ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

 

    პროფესიული განათლების განვითარება მსოფლიოში, კაცობრიობის სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანმდევი და განუყოფელი პროცესის ორგანული ნაწილია. სწორედ ტექნიკურმა რევოლუციამ, რომელიც მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო ინგლისში, ცნობილი საფეიქრო დაზგის გამოგონებით და გაგრძელდა რკინიგზის შექმნით, მისცა ბიძგი როგორც საკუთრივ ინგლისში ისე მთელს ევროპაში, პროფესიული განათლების აღმავლობის დაწყებას.

    სახელმწიფოთა ეკონომიკების მთელი რიგი დარგების წარმოშობამ  განაპირობა მოცემულობა როცა გაჩნდა და მწვავედ დადგა მოთხოვნა ამა თუ იმ პროფესიული ცოდნისა და უნარების მქონე კადრების მომზადებისა, რასაც თავი ბრწყინვალედ გაართვა ევროპულმა საგანმანთლებლო სისტემამ და ევროპის კონტინეტზე მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში  ერთი მეორეს მიყოლებით  ფუძნდებოდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები. ყოველივე ამის საილუსტრაციოდ თვალსაჩინო მაგალითია 1807 წელს, ტილზიტის ზავის დადების შემდეგ, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის მიერ რუსეთში-პეტერბურგში, პოლიტექნიკის ფრანგი სწავლულების მოწვევა და გზათა მშენებელი პოლიტექნიკური სასწავლებლის დაარსება.

   სწორედ ქვეყნის ეკონომიკის და მომსახურების სფეროა ის მამოძრავებელი ძალა, რომლებიც პროფესიული განათლების სისტემის არებობისა და განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენენ.

   მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე, ომით განადგურებული გერმანიის ეკონომიკის საოცრად სწრაფი ზრდა და 1955 წლისათვის გერმანიის ეკონომიკის ომის დაწყებამდელ მაჩვენებლებზე გასვლაც, მეტ წილად სწორედ  გერმანიის პროფესიული განათლების  დარგის მიერ მაღალ კვალიფიციური პროფესიული კადრების დროულმა მომზადებამ და სამუშაო ბაზრისთვის მიწოდებამ განაპირობა.

   ჩვენს ქვეყანაში კი პირველი პროფესიული სასწავლებელი მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში 137 წლის წინ ცნობილი პედაგოგისა და პუბლიცისტის ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსდა, რომლის სასწავლო პროფილიც სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოიცავდა. შენობა, სადაც სასწავლებელი იყო განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ ეტაპზე მისი რესტავრაცია მიმდინარეობს.

ისტორიული სასწავლებელი, რომლის წარმატებასა და განვითარებაშიც წვლილი ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ შეიტანეს, თავის პირვანდალ სახეს დაიბრუნებსრათა აღსდგეს ის ტრადიციული პირვანდელი მიმართულებები, რომლებიც ილია წინამძღვრიშვილისა და ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაინერგა და შემდგომში მოხდეს მათი განვითარება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დასავლეთ საქართველოში დაარსებულ პროფესიულ სასაწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველი მე-20 საუკუნის ოციან წლებში იყო, სოფელ დიდ ჯიხაისში დაარსებული  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.

   ასე რომ, არცერთი წარმატებული ქვეყანა არ არსებობს  პროფესიული ტექნიკური განათლების მძლავრი სეგმენტის გარეშე და მოცემულ შემთხვევაში ჩვენი თანამდეროვე საქართველო ის ქვეყანაა სადაც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების როგორც სახელმწიფო ისე კერძო სასწავლებლების მჭიდრო ქსელია წარმოდგენილი, სადაც პროფესიულ განათლებას ეუფლება ათიათასობით პროფესიული სტუდენტი.

    ავტორი; კოლეჯი “კავკასიონის”სწავლების ხარისხის სპეციალისტი:    ირაკლი  გვენეტაძე

08.08.2024 წ.