ქრისტინე სულაბერიძე – სკოლამდელი აღზრდის პროგრამის 100-24 ჯგუფის კურსდამთავრებული სტუდენტი
სწავლის პროცესში ჩემი ყველაზე დიდი მოლოდინი იყო თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი. ლექციებზე მიღებული ინფორმაცია საფუძველს ქმნიდა, მაგრამ ყველაზე მეტად მსიამოვნებდა ის მომენტები, როცა თეორიას პრაქტიკაში ვამყარებდით. საგნისადმი ინტერესი იზრდებოდა განსაკუთრებით მაშინ, როცა რეალურ მაგალითებზე ვსაუბრობდით.
პრეზენტაციების მომზადება თავდაპირველად შიშის გამომწვევი იყო — როგორ ჩამომეყალიბებინა სათქმელი, როგორ გადმომეცა იდეა აუდიტორიისთვის… თუმცა დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ ეს იყო თვითგამოხატვისა და პროფესიული ზრდის საშუალება.
განსაკუთრებით მეხმარებოდა უკუკავშირი ლექტორებისა და თანაკურსელებისგან. პრაქტიკაზე პირველად შევედი ბავშვებთან სამუშაოდ და ეს გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. თუნდაც მცირე ჩართულობამ პედაგოგიურ პროცესში დიდი ემოციური დატვირთვა მომცა. ვიგრძენი პასუხისმგებლობა, სურვილი და შთაგონება გავმხდარიყავი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს რეალურად დაეხმარება განვითარებაში.