ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

ბავშვობა სურნელია… სველი მიწის, გაზაფხულზე გაშლილი ყვავილების და თბილი მზის სხივების. ის დროა, როცა მთელი სამყარო სათამაშოებად გეჩვენება და ყოველი დღე თავგადასავლად.

ბაღში პირველად რომ შევედი, წელზე მიკრული დედის ხელი ჯერ კიდევ არ მიშვებდა. ოთახში ფერადი კედლები, უცნობი სახეები და პატარა მაგიდებზე ლამაზად დაწყობილი სათამაშოები იყო. ბავშვური სიცილ-კისკისის ფონზე ნელ-ნელა გავბედე, გავიცანი მეგობრები, ვისწავლე მოთმენა, გაზიარება და სიტყვა „მაპატიე”.

სკოლამ სხვა გზა გამიხსნა – უფრო სერიოზული, მაგრამ ნათელი. მახსოვს, როგორი ხმით მკითხა მასწავლებელმა ჩემი პირველი ლექსი და როგორ გამიბრწყინდა თვალები, როდესაც „ყოჩაღი!” მითხრა. კლასის ფანჯრებიდან შემოსული მზის შუქი ისე ედებოდა მერხებს, თითქოს თვითონაც გვგულშემატკივრობდა. განძივით ვინახავ დღემდე ჩემს პირველ ჩანაწერებს, რვეულზე ნაწერ „მიყვარხარ”-ებს, კალმით დახატულ წიგნის კუთხეებზე…

ბავშვობა კი არ მთავრდება, ის უბრალოდ ჩნდება ჩვენში როგორც ფესვი, როგორც ტკბილი ხმა შორიდან, რომელიც ყოველთვის შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც მოგვენატრება.

და როდესაც თავს მარტო ვგრძნობთ, გაწვიმდება გულში ან გაითოვლებს სულში, უბრალოდ უნდა დავხუჭოთ თვალები და დავბრუნდეთ ბაღის ეზოში, სადაც ხეებზე ჭრელი ქაღალდები ქარის ხმაზე ცეკვავენ… იქ, სადაც ჯერ კიდევ ჩვენ ვართ ბავშვი…

საფინანსო სერვისების 400-24 ჯგუფის სტუდენტი – ქეთი რობაქიძე